1881 წელს, ბათუმის ოლქის გუბერნატორს, ა.ი. სმეკალოვს გაუჩნდა ზღვისპირა პარკის შექმნის იდეა. სწორედ აქედან იწყება ბათუმის ბულვარის ისტორია, რომლის გაშენებაც თავდაპირველად პრუსიელ მებაღეებს, რესლერსა და რეიერს დაევალათ.
1884 წელს რესლერი გარდაიცვალა, ხოლო წარმატებით დაწყებული საქმე გადაიბარა ფრანგმა დიდგვაროვანმა, ცნობილმა მებაღემ მიხეილ დალფონსმა. ბულვარის დაგეგმარებაში მისი წვლილი იმდენად დიდია, რომ ისტორიულ წყაროებში, დალფონსი, „ბათუმის სანაპიროს კეთილ გენიადაა“ მოხსენიებული. ბულვარის განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება მებაღე–დეკორატორ იასონ გორდეზიანს, რომელმაც ვერსალის სასოფლო–სამურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში მიღებული ცოდნის გამოყენებით, გადაახალისა მცენარეული საფარი, გააფართოვა ძველი და შექმნა ახალი სანერგეები.
ახალ ათასწლეულში შებიჯებისთანავე ბულვარის განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდა, იტალიიდან ჩამოტანილი იქნა ანტიკური სტილის, მარმარილოს ქანდაკებები და კოლონადების პროექტი, აშენდა საზაფხულო თეატრი, ამუშავდა სამი ფერადი შადრევანი.
ბათუმის ბულვარის ისტორია სამსაუკუნოვან, უწყვეტ ციკლს მოიცავს, რომლის ყველა ეტაპზეც, ეს ულამაზესი ზღვისპირა პარკი მდიდრდებოდა და იძენდა საკრალურ მნიშვნელობას. დღეს ის ჩვენი ქალაქის ყველაზე ვიზიტირებადი და სახასიათო ღირსშესანიშნაობაა.
3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.