ბათუმის ბულვარის ისტორია იმდენად ვრცელი და მრავალფეროვანია, რომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა გამოგვერჩია 10 მთავარი ფაქტი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ბულვარში პირველი სტუმრობისას.
ფაქტი #1. ბათუმის ბულვარმა უკვე თავისი არსებობის მესამე ასწლეულში შეაბიჯა. მისი გაშენება 1881 წელს დაიწყო და თავდაპირველად ამ საქმეს სათავეში პრუსიელი მებაღეები, რესლერი და რეიერი ედგნენ.
ფაქტი #2. 1885 წელს ბულვარი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ქალაქის მთავარ მებაღედ დანიშნულმა, ფრანგმა დიდგვაროვანმა მიხეილ დალფონსმა, ევროპული გამოცდილებისა და ფრანგული სტილის მიხედვით გააგრძელა ბულვარის გაშენება. მისი განსაკუთრებული ღვაწლის აღსანიშანვად, ისტორიულ წყაროებში, დალფონსი, „შავი ზღვის სანაპიროს კეთილ გენიადაა“ მოხსენიებული.
ფაქტი #3. ბათუმის ბულვარში, როგორც ფლორა, ასევე ფაუნა მრავალფეროვანი სახეობებითაა წარმოდგენილი. ბულვარის შუაგულში არსებულ ზოოკუთხეში 140-ზე მეტი ბინადარია, ხოლო ხე-მცენარეთა რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს.
ფაქტი #4. ბათუმის ბულვარის განაშენიანებაში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის ვერსალის სასოფლო–სამურნეო ნაციონალური ინსტიტუტის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, მებაღე–დეკორატორ იასონ გორდეზიანს. მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გადახალისდა ბულვარის მცენარეული საფარი, გაფართოვდა ძველი და შეიქმნა ახალი სანერგეები.
ფაქტი #5. 1941 წლამდე, ბათუმის ბულვარის ალეებს 20–მდე ანტიკური სტილის, იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოს ქანდაკება ამშვენებდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების ზეობის ხანაში მარმარილოს ზედმეტად „არასოციალისტური“, ძვირფასი ქვის სტატუსი ჰქონდა, რის გამოც ქანდაკებები საზოგადოების თვალს მოარიდეს, გადაიტანეს ოფიცერთა სახლის საწყობში, საიდანაც მათი კვალი სამუდამოდ ქრება.
ფაქტი #6. ბათუმის შუქურა ტექნიკური ფუნქციების გარდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსსაც ითავსებს; მისი პირველი ნაგებობა ჯერ კიდევ ბულვარის დაარსებამდე, 1863 წელს აუგიათ. იმ დროისთვის პროგრესული არქიტექტურის ნიმუში, ასევე გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სადაც გრძედისა და განედის 41 გრადუსიანი პარალელი ემთხვევა ერთმანეთს.
ფაქტი #7. ბულვარის ცნობილი ხეივნების გაშენების იდეა, დაარსებისთანავე 1881 წლიდან გაჩნდა. 1884 წელს კი გაშენდა პირველი ხეივანი, დღევანდელი ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ, რომელსაც მარადმწვანე მცენარის სიმრავლის გამო „მაგნოლიების ხეივანის“ უწოდებენ.
ფაქტი #8. ბათუმში მოზაიკური ხელოვნების არაერთ საინტერესო ნიმუშს ვხვდებით, თუმცა მათგან ყველაზე სახასიათო კაფე ფანტაზიაა - უცნაური ფორმის, ფუნქციური ქანდაკება 1981 წელს, მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით აშენდა და წლების მანძილზე ბათუმის სავიზიტო ბარათად იყო ქცეული. 2019 წელს კი დასრულდა სარესტავრაციო სამუშაოები და ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელი „რვაფეხა“ პირვანდელი სახით დაუბრნდა ჩვენს ბულვარს.
ფაქტი #9. 2009 წლის ბოლოს, ბულვარის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა და სიგრძემ 7 კილომეტრს მიაღწია. ესპანელი არქიტექტორის, ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული, 1200 მეტრზე გადაჭიმული ტერიტორია თანამედროვე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და აქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია.
ფაქტი #10. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი ბულვარის სიმბოლო გახლავთ მის შუაგულში აღმართული ულამაზესი, ანტიკური სტილის კოლონადები. მათი აგების იდეა ბათუმელ ექიმს ივანე მჭედლიძეს ეკუთვნის, რომელმაც მაქსიმ გორკის დამხარებით პროექტი იტალიის ქალაქ სორენტოდან 1930 წელს ჩამოიტანა. თუ კი ბულვარის ლოგოს დააკვირდებით, სწორედ კოლონადების ზედხედს შენიშნავთ.
3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.